შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება.
ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მე ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი ალბათ არ იქნება ამ დროს საქართველოში," - განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ალბათ საჭიროა შეთანხმება უშიშროების საბჭოს იმ პირებთან, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არიან.
შეგახსენებთ, რომ პრეზედენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, სხდომამდე ორი კვირით ადრე გააკეთა განცხადება, რომ სხდომა 28 ოქტომბერს გაიმართებოდა.
დღეს კი უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომას, მუდმივი წევრების გარდა, ორი სახელმწიფო მინისტრი და 3 საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებიც დაესწრებიან.
მისი განმარტებით, სხდომაზე მიწვეულია სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი - საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები - თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.
ზაქარეიშვილის განცხადების შემდეგ კი სხდომის გამართვის საკითხი კითხვის ქვეშ დგება, რადგან, მისი ინფორმაციით, მინისტრები სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებენ.
უშიშროების საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი გოგი ახალკაცი rustavi2.com-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სხდომა დანიშნულია და ზაქარეიშვილის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო.