საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს სისხლის სამართლებრივ დევნას ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ამავე საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი პრემიერის ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია სირაძის მიმართაც. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის ცნობით, უწყებაში მოწვეულმა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ შეისწავლა 2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმე და განაცხადეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია, რათა გაგრძელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ. ასევე პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე მზადაა სასამართლოსთვის გადასაცემად.
პროკურატურის მიერ მოწვეულ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი თბილისში 2014 წლის 22 ივლისს ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი. ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავდა ქართველი პროკურორებისათვის მათი გამოცდილებისა და სამართლის სფეროში არსებული მსოფლიო პრაქტიკის გაზიარებას.