15 იანვარი 2026,   02:25
ვრცლად
პროკურატურა: ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს ყადაღა არ ადევს

მთვარმა პროკურატურა სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის და მისი ადვოკატის განცხადებას, თითქოს   ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიშს და შესაძლებლობა არ ეძლევა ისარგებლოს პენსიით, სიცრუეს უ წოდებს.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება მთავარმა პროკურატურამ  ჯანაშიას და მისი ადვოკატის მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ჯანაშიას საპენსიო ანგარიში გახსნილი აქვს „ლიბერთი ბანკში“, ხსენებულ ანგარიშზე პროკურატურას ყადაღის დადება არ მოუთხოვია და ბრალდებულს სრული უფლება აქვს განკარგოს მასზე არსებული საპენსიო თანხა,“ - ნათქვამია განცხადებაში და აქვე განმარტებულია, რომ „საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით  ყადაღა დაედო ჯანაშიას იმ საბანკო ანგარიშებს, სადაც განთავსებულია ამ უკანასკნელის პირადი თანხა დაახლოებით 270 000 ამერიკული დოლარის ოდენობით, რომლის არსებობაც ჯანაშიამ დამალა და არ ასახა საჯარო მოხელის ქონებრივ დეკლარაციაში.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად ედება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 392 827 ლარის გაფლანგვა, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ვინაიდან არსებობდა საკმარისი მონაცემები, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე გადამალავდა მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ბრალდებულ თ.ჯანაშიას ქონებას და საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო თეიმურაზ ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას: ქ. თბილისში, ა.წერეთელის გამზ. N10-ში მდებარე 112.58 კვ/მ კომერციულ ფართს; ქ. ყვარელში მდებარე 2391 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; ქ. ყვარელში მდებარე 1668 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; მცხეთის რაიონში, სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 1500 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;

თ.ჯანაშიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ნუცუბიძის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებას:ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 800 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 2101 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს; ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N5-ში მდებარე 74.20 კვ/მ საცხოვრებელ ბინასა და 25.10 კვ/მ ავტოსადგომს; ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-5 კვარტალში მდებარე 62.15 კვ/მ საცხოვრებელ ბინას; ქ. თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე 18 კვ/მ ავტოსადგომს;

შვილის, ნიკოლოზ თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას: ქ. ბათუმში, ნურეთინ ჩარმიქლის ქ.N5-ში მდებარე 53.69 კვ/მ მშენებარე საცხოვრებელ ბინას; შვილის სანდრო თეიმურაზის ძე ჯანაშიას საკუთრებაში არსებულ ქონებას: ქ. თბილისში, გაგარინის ქ. N1-ში მდებარე 104 კვ/მ საცხოვრებელ ბინას;

თეიმურაზ ჯანაშიას სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ დაახლოებით 270 000 აშშ დოლარს.

“დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებებაზე ყადაღის დადება არის ღონისძიება, რომლითაც სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე მესაკუთრეებს ეზღუდებათ მხოლოდ ქონების გასხვისება/გახარჯვა. დაყადაღების შემთხვევაში მესაკუთრე ჩვეულებრივ აგრძელებს საკუთარი დაყადაღებული ქონებით სარგებლობას.

რაც შეეხება ქონების ჩამორთმევას, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოსამართლე, სასამართლო განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად ყადაღა და ქონების ჩამორთმევა არის სრულიად განსხვავებული ღონისძიებები და მათი გაიგივება მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,” - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები