მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მათი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი "კურიერთან" საუბარში ადასტურებს. იგი აცხადებს, რომ ორივე დაკავებულმა ირაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 2 წლიანი სასჯელი მოიხადა და მათი გათავისუფლება შეწყალებას არ უკავშირდება.
შსს-ს ინფორმაციით 2013 წლის 13 ივნისს მიკაილ კადიევისა და რიზვან ომაროვის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს.
დაკავებულები სასჯელს იარაღის უკანონო შეძენისთვის იხდიდნენ. ამავე მუხლით მათ დაკავებიდან 9 თვეში 2 წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ომაროვი და კადიევი ბრალს არ აღიარებენ. აღნიშნული საქმე საქართველოში ყველა ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგ სტრასბურგის სასმართლოშია გადაგზავნილი.
მიკაილ კადიევის საქმეს სასამართლო მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც განიხილავს. რუსეთის ფედერაცია საქართველოს კადიევის გადაცემას სთხოვდა, რის გამოც მან ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს და მიკაილ კადიევი ჯერჯერობით ლტოლვილის მაძიებლის სტატუსს ატარებს.
გათავისუფლებულები მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, თუმცა როგორც "კურიერთან" საუბარში მათმა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი უახლოეს დღეებში სპეციალური პრესკონფერენციის ჩატარებას აპირებენ.