პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ.
ამის შესახებ განცხადება თედო ჯაფარიძემ დღეს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანისგან ჟენევის ბოლო შეხვედრის შესახებ ისმენდნენ ინფორმაციას.
ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ჟენევაში განსახილველი საკითხების გადაწყვეტა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.
"იქნებ გვეფიქრა, მათაც მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, თუკი ამის საშუალებას ფორმატი იძლევა. თუნდაც ბატონმა ჭიაბერაშვილმა," - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
მისი თქმით, "ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ კომპეტენცია, გამოცდილება და მონაწილეობა აქვთ მიღებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში."