საქართველოს-პრემიერ მინისტრი 23 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში მდებარე თურქეთის ცენტრში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. მათ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე გადაწყდა, რომ დაჩქარდება ინვესტიციების დაცვის ორმხრივი ხელშკრულების ხელმოწერა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ერდოღანმა სამხრეთ კავკასიური მილსადენის უდიდეს მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
,,თურქეთი საქართველოს მხარში უდგას იმ გზაზე, რასაც ევრო-ატლანტიკური მისწრაფება ჰქვია“- განაცხადა პრეზიდენტმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელსაც ქართული დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა პირისპირ საუბარი გააგრძელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ბილ კლინტონის ორგანიზებით გამართული გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიაში. ღონისძიებაზე პოლიტიკოსები, საერთაშორისო ლიდერები, ბიზნესწრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გლობალურ გამოწვევებს განიხილავდნენ.
საქართველოს პრემიერი მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრი 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება.