ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ აქციათა 60% მფლობელი იტალიური საინვესტიციო კომპანია „მილან ინვესტმენტი” გახდა.
დღესვე კომპანიის ახალი წესდება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ქართველი და იტალიელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო.
"გუდვილის" ადმინისტრაცია უცხოელი ექსპერტებისა და კონსულტანტების მოწვევასაც გეგმავს.
„ეს არის საწყისი კაპიტალი. ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში გვექნება ახალი გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესის უფრო სწრაფად დასრულებას, ვიდრე ეს უკვე დამტკიცებული გეგმით არის გათვალისწინებული,“ - განმარტავს „გუდვილის“ დირექტორი ლაშა ნოდია.
იტალიელი ინვესტორი კი აცხადებს, რომ ჰიპერმარკეტის ქსელის მუშაობა დეტალურად აქვს შესწავლილი და მის წარმატებაში დარწმუნებულია.
„ჩვენ კომპანიის არსებული მონაცემები შევაფასეთ და შემიძლია გითხრათ, რომ იგი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია. „გუდვილი“ საქართველოში საკმაოდ ცნობილი ბრენდია და ვფიქრობთ, რომ ჩვენ კომპანიისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას მოვახერხებთ. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში იტალიური მხარე უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ჩვენ ქართულ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება,” - განაცხადა ალესანდრო აზაისმა.