თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ირაკლი ალასანია 28 ოქტომბერს საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი ვიზიტების გამო საქართველოში არ იქნება. ესტონეთში ვიზიტის გამო კი თბილისში არ იქნება გენშტაბის უფროსი.
შესაბამისად, უშიშროების საბჭოს სხდომას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ვერ დაესწრებიან.
თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, მათ ნაცვლად უშიშროების საბჭოს სხდომას ალასანიას ის მოადგილე დაესწრება, "რომელზეც ხდება უფლებების დელეგირება კონკრეტულ შემთხვევაში".
სამინისტროში ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელ მოადგილეზე მოხდება უფლების დელეგირება.
"ვიმედოვნებთ, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი მომავალში მუდმივ წევრებთან უფრო კოორდინირებულად იმუშავებს,"- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უშიშროების საბჭოს სხდომის 28 ოქტომბერს გამართვის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გააკეთა. სხდომის გამო კი პრეზიდენტმა ბელგიაში ვიზიტზე უარი თქვა.