სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (GYLA) და "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტთან კოორდინირებულად იმუშაონ.
ამის შესახებ საუბარია არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც მათ დღეს მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტარები, რომლებიც უშიშროების საბჭოს სხდომაზე იყვნენ მიწვეული, სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ და მიზეზად მოუცლელობას ასახელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება ისეთ საკითხზე, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ადეკვატური დამოკიდებულება არსებობდეს. მით უმეტეს, რომ "პარლამენტის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შექმნილი ვითარების სერიოზულობა და საქართველოს მთავრობის მხრიდან უკანასკნელ მოვლენებზე რეაგირების აუცილებლობა".
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა ფერხდება მთავრობისა და პრეზიდენტის შეუთანხმებელი მუშაობის გამო. სხვადასხვა ინსტიტუტსა თუ თანამდებობის პირს შორის ამა თუ იმ საკითხზე დისკუსია, და თუნდაც კამათი, ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია, თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუტს შორის დაპირისპირება აშკარად სცილდება ასეთი ჯანსაღი პროცესის ფარგლებს და საფრთხეს უქმნის როგორც ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას და მოქალაქეთა ნდობას მათ მიმართ. ამასთან, სამწუხაროა, რომ დაპირისპირების მიზეზი და მსჯელობის საგანი ხშირად მეორეხარისხოვანი საკითხები უფროა, ვიდრე ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური პრობლემები," - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ "მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებზე უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასევე განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეპუბლიკასთან გასაფორმებელი ხელშეკრულება სწორედ ამგვარ საკითხს წარმოადგენს".
ამიტომაც ისინი მოუწოდებენ "ყველა თანამდებობის პირს, პატივი სცეს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციით დადგენილ ფუნქციებს და იმოქმედოს, პირველ რიგში, კანონის მოთხოვნებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად."