დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ.
კახა კალაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და 1500-ზე მეტმა ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ პროექტით. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ დაიკანონონ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ათეულობით წელია ცხოვრობენ, დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკანონდეს ეს საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს და ოჯახს ვხედავთ და ეს სიხარული უნდა გაიზიაროს ყველამ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.