საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო კატეგორიულად უარყოფს Foreign Policy-ში გავრცელებულ ცნობებს საქართველოში სირიელი მეამბოხეების მომზადების შესახებ. როგორც საბჭოში აცხადებენ საქართველოში ისლამისტების წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა.
ამერიკულმა გამოცემამ 23 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა. გამოცემას ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან მოიპოვა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა.
მოგვიანებით, გეგეშიძემ Foreign Policy-ს სტატიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.
"როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც არსებობს კვალიფიკაციის პრობლემა, რადგან ჟურნალისტმა ასეთი უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - თქვა გეგეშიძემ.
უშიშროების საბჭოს გარდა განცხადება თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა, სადაც გავრცელებული ინფორმაცია უარყოფილი არ არის.
"საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და NATO-სთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში". უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს და აღნიშნეს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავად Foreign Policy-ის რედაქტორი „ტაბულასთნ“ საუბრისას უარყოფს, რომ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ციტირებისას.