„საქართველოში მეხუთე კოლონა მოძლიერდა, ეს რეალობაა,“ - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე საუბარი, სადაც მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს „კოალიცია ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებენ.
ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს. მისი განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი საქართველომ 1990-იან წლებში დაკარგა, ხოლო 2008 წელს ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.
„ვინც ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ დაკარგა ტერიტორიები, ცრუობს. ეს სიცრუეა. ჩვენ ტერიტორიები არ დაგვიკარგავს, მხოლოდ დავიბრუნეთ აჭარა და ჯავახეთი. სამწუხაროდ, ვერ შევძელით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი გიორგი გაბუნიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.