12 იანვარი 2026,   07:02
ვრცლად
უზენაესი სასამართლო გადაცემა „არჩევანს" ეხმაურება

უზენაესმა სასამართლომ დღეს უწყების ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. სასამართლო გუშინ გადაცემა „არჩევანში“ ე.წ. კაბელების საქმეზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

„უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ე.წ. „კაბელების“ საქმე მიმდინარე სასამართლო დავაა, სამართალწარმოება არ დასრულებულა, მორიგი წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 26 ივნისს 11 საათზე.

სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებისას  მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით გაასაჩივრონ სასამართლოს აქტები და საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი განცხადება შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, რაც დააზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სხვა კომენტარისა და განცხადების გაკეთება მიზანშეუწონელია და ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების, სამართალწარმოების მონაწილე პირთა ინტერესებს,” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კონფიდენციალურმა წყარომ რუსთავი2-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე დავით ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა.

ინფორმაცია რუსთავი2-ს ირაკლი ალასანიამაც მიაწოდა. როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, მან ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეც და საქართველოს პრეზიდენტიც საქმის კურსში ჩააყენა.  

ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა „არჩევანში“ სტუმრებთან ერთად ისაუბრა.

 
დღის ამბები