თავისუფალი დემოკრატები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს "ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფად, საბანკო სექტორისა და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის საფრთხის შემცველ ცვლილებად" აფასებენ. ამის შესახებ ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მათი ქმედებით სერიოზულ ზიანს მიაყენებენ ევროპისა და მსოფლიოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მომავალ თანამშრომლობას და დააზარალებენ ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესს,“ - წერია განცხადებაში.
თავისუფალი დემოკრატები მიმართავენ საპარლამენტო უმრავლესობას მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ კანონს და მოუწოდებენ არ მიიღონ გადაწყვეტილება ევროპის ცენტრალური ბანკის და ევროკავშირის ექსპერტების დასკვნის გარეშე, „წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობას და აქედან გამომდინარე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას,“ - წერია განცხადებაში.