ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას შემთხვევაში რამდენიმე უზუსტობას მექანიკურ შეცდომას უკავშირებს.
თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გამოვლენილ დაღვევებთან დაკავშირებით ცესკო-ში საჩივარი შეიტანა.
"ნაცვლად, მაგალითად, 138 ხმისა, 1-იანი წაიშალა და დაწერეს - 38. ეს გადახაზული 1-იანი ცესკო-მ ოფიციალურ წყაროდ მიიჩნია და მის გვერდზე არის ატვირთული. ჩვენ გავასაჩივრეთ და რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. გარდა ამისა, დიდი კითხვის ნიშანი იბადება იმის გამო, რომ უპრეცედენტო რაოდენობა ბიულეტენებისა არის ბათილად ცნობილი. უმრავლესობა მათგანში მე ვიყავი შემოხაზული", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცესკო-ს თავმჯდომარე მომხდარს მექანიკურ შეცდომად აფასებს და არ გამორიცხავს, ასეთი შეცდომები სხვა კანდიდატების მიმართაც იყოს დაშვებული.
"მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი დამკვირვებლები გვყავს და ასე კარგად აკვირდებიან თითოეულ ნიუანსს. ამ კონკრეტულ შემთხვევებში მექანიკური შეცდომა მოხდა. ორ შემთხვევაში 1-იანი იყო დაკლებული, ოპერატორს შეეშალა შეყვანა. ერთ შემთხვევაში, როდესაც ოქმი შეიყვანა, არ იყო შეყვანილი შესწორების ოქმი, რომლითაც სწორდებოდა ეს რიცხვი. არამარტო ბატონი მელიას შემთხვევაში, სხვა კანდიდატების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები", - განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპერატორები უკვე ამოწმებენ, კონკრეტული ოქმი რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემებში და საბოლოო მონაცემებში არც ერთი მექანიკური ხარვეზი არ იქნება.
ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აცხადებს, რომ 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების ვებგვერდზე http://results.cec.gov.ge/ შეტანილ ინფორმაციას შეადარეს და და რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინეს. კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები დაფიქსირდა.
"საერთაშორიო გამჭვირვალობამ" შეცდომა აღმოვაჩინეთ მერობის სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც. მაგალითად, ნაძალადევის #34 უბანზე კანდიდატ ირმა ინაშვილს 0 ხმა უწერია, როდესაც შესწორების ოქმის მიხედვით, მას 25 ხმა უნდა მიეღო. ასევე, ისნის მე-7 საარჩევნო უბანზე, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთულ შემაჯამებელ ოქმსა და ჩვენი დამკვირვებლისთვის ხმის დათვლის შემდეგ გადაცემულ ოქმს შორის აღმოჩნდა განსხვავებები - ირმა ინაშვილს 50 ხმით ნაკლები ხმა აქვს მიღებული, რომელიც მომატებული აქვს კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-მ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევები, დაადგინოს შეცდომის მიზეზები და ასახოს ისინი საერთო სტატისტიკაზე", - აცხადებენ "საერთაშორიო გამჭვირვალობაში".