"ქალებს ავღანეთში საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ, განათლების მიღების, მუშაობის და ასევე იმის, თუ რომელი ჰიჯაბი (თავსაბურავი) ატარონ" - ამის შესახებ ჩინურ ტელეარხზე (CGTN) ტერორისტული დაჯგუფების "თალიბანის" წარმომადგენელმა Suhail Shaheen-მა განაცხადა.
"თალიბანის" წარმომადგენლის განცხადებით, ქალებს საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ, თუ რომელ თავსაბურავს ატარებენ იქიდან გამომდინარე, თუ სად მუშაობენ ისინი.
მისივე განცხადებით, ავღანეთში, "თალიბანის" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მუშაობა არ შეზღუდვიათ ქალებს, რომლებიც ჟურნალისტებად მუშაობენ, არიან ექიმები და სწავლობენ ან ასწავლიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
"ისინი უკვე სარგებლობენ ამ თავისუფლებით. ჟურნალისტები მუშაობენ და შეუძლიათ რეპორტაჟების გაკეთება, მასწავლებლები ასწავლიან, ექიმები მუშაობენ, სტუდენტები სწავლობენ, სკოლები გახსნილია და უნივერსიტეტებიც გახსნილია. ყველა ეს ქალი, ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზეა. ამიტომ სადარდებელი არაფერია.
როდესაც ისინი მიდიან სამსახურში ან ბაზარში, მონაწილეობენ საზოგადო ცხოვრებაში, რომელიმე კონკრეტული ჰიჯაბი არ არის სავალდებულო. მათ შეუძლიათ შესაბამისი თავსაბურავი თავად აარჩიონ იქიდან გამომდინარე, თუ რომელ სფეროში მუშაობენ ისინი," - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანის" წარმომადგენელმა.