16 იანვარი 2026,   09:31
ვრცლად
ირაკლი ალასანიას ვიზიტი საფრანგეთში გრძელდება

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და უელსის სამიტის შედეგებს.

ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოსა და საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება.

მისი თქმით, შეხვედრაზე მინისტრ დრიანთან განიხილეს ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობა ცენტრალურ აფრიკაში, თუ როგორ უზრუნველყოფენ მხარეები ერთობლივად უსაფრთხოებას ამ ოპერაციის მიმდინარეობისას. ალასანიამ აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს ასევე ესაუბრა საქართველო-საფრანგეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით საფრანგეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე.

გარდა ამისა, საუბარი იყო, რას გააკეთებს საფრანგეთი საქართველოს მხარდასაჭერად ნატოში ქვეყნის გაწევრიანებისთვის აუცილებელი სამხედრო თავსებადობის კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტი დღეს დასრულდება და ის ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

დღის ამბები