ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს, არ დაუშვას უკანონო მოსმენების გახანგრძლივება, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გადავადების გზით.
განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გაავრცელა, ნათქვამია, რომ სამართალდამცველების მიერ ელექტრონულ კომუნიკაციებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების პროცესი, მათთან შეუთანხმებლად, 1 ნოემბრიდან მომავალი წლის აპრილამდე გადაიდო. იქვე აღნიშნულია, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ასეთი ინიციატივის მომზადება იმ ჯგუფის გარეშე, რომელიც ამავე კომიტეტმა ფარული მოსმენების პრობლემის აღმოსაფხვრელად შექმნა, მიუღებელია.
არასამთავრობო ორგნიზაციაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი გაახანგრძლივებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას.
„იმედი გვაქვს, რომ თქვენ პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო,” - ნათქვამია განცხადებაში.