16 იანვარი 2026,   10:07
ვრცლად
უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი მომხსენებელი მაია ფანჯიკიძე იქნება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. შეხვედრაზე მაია ფანჯიკიძე იმ ნაბიჯებზე ილაპარაკებს, რომლითაც უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოებ აფხაზეთთან დე ფაქტო ანექსიის გაფორმების შესაჩერებლად.

„დღეს ექვს საათზე არის სხდომა. მე იქ გავაკეთებ მოკლე მოხსენებას, თუ რა გაკეთდა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთმა შესთავაზა დე ფაქტო ხელისუფლებას და რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს ნოემბერში,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სხდომას ვერ დაესწრებიან საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები - თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები. ამის მიზეზი მათი უცხოური ვიზიტებია.

სხდომაზე მიწვეული არიან სახელმწიფო მინისტრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ალექსი პეტრიაშვილი და პაატა დავითაია. ასევე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ევრო-ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს სხდომის რამდენიმე საათით გადადება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა.

„პრეზიდენტმა დანიშნა უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს. შედგა კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ნაცვლად დაანონსებული 15 საათისა, დღეს საბჭოს სხდომა გაიმართება 18 საათზე. პრემიერმა ბრძანა, რომ დაესწრება სხდომას,“ - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

ოპოზიცია მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრების თაობაზე და აცხადებს, რომ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპაცია, კონსენსუსი უნდა იყოს არათუ მმართველი გუნდის წევრებს, არამედ ოპონენტებს შორისაც.

„არ შეიძლება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპაცია, მხარეებად განიხილებოდნენ პრემიერი და პრეზიდენტი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები