16 იანვარი 2026,   06:51
ვრცლად
დიპლომატები მიესალმებიან პრემიერის შეთავაზებას აფხაზებისა და ოსებისადმი

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზებას ოკუპირებული რეგიონებისთვის დადებითად აფასებენ. ღარიბაშვილმა აფხაზებსა და ოსებს ავტონომიის პირობებში თანაცხოვრება შესთავაზა.

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ), შვეიცარიის კონფედერაციისა და ბულგარეთის ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მათ განაცხადეს, რომ ქმედებებს, რომელიც იქნება მიმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მისი ტერიტორიების ანექსიისკენ, არ ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა.

„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ შეთავაზებას, რომელიც იქნება მიმართული კონფლიქტების მოგვარებისკენ და რომლის ფარგლებში შესაძლებელია ჟენევის ფორმატის გამოყენების მხარდაჭერა,“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

ბულგარეთის ელჩი პლამენ ბონჩევი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საჭიროა ვითარების უფრო სიღრმისეული ანალიზი. მისივე თქმით, ქვეყანას ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ნებისმიერ მცდელობაში.

„ბულგარეთი და საერთაშორისო გაერთიანება ყურადღებით ადევნებენ თვალს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით. საჭიროა მეტი ანალიზი და ინფორმაცია. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია აფხაზეთის იზოლაციისა და ანექსიისაკენ, ნამდვილად მიუღებელია და მას საერთაშორისო მხარდაჭერა არ ექნება,“ - განაცხადა პლამენ ბონჩევმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები