თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვისას, პროკურატურის მტკიცებულებების გამოქვეყნება დაიწყო.
სხდომაზე ჩვენება სპეციალური ოპერატიული სამსახურის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე მისირელმა მისცა.
კორტების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ მოწმის ჩვენებით დანაშაულის მოტივთან დაკავშირებული ვერსია გამოირიცხა.
"მოწმემ თქვა, რომ მისი და ხუბულოვის საუბრის შესახებ სხვამ არ იცოდა ეს ინფორმაცია არ გაფორმებულა. ხელმძღვანელობას არ მოხსენებია და ლევან ფირცხალავას შესახებ ინფორმაცია პირიქით სხვა ტანამშრომელმა მოიტანა, რომლის წყაროც ხუბულოვი არ იყო. მოწმემ თქვა, რომ ირაკლი ფირცხალავა ამ სიტუაციაში მისი და ხუბულოვის საუბრის შესახებ ვერანაირად ვერ შეიტყობდა,"- აცხადებს ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია.
ბრალდებულების ახლობლები კი ირწმუნებიან, რომ პროკურატურის მტკიცებულება ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირების ჩვენებებია, რასაც გამომძიებლები არ ეთანხმებიან. პროკურატურის ინფორმაციით მოწმე ნამდვილად იყო დაკავებული, თუმცა მისი ბრალეულობა ჯერჯერობით სასამართლოს არ დაუდასტურებია.