19 დეკემბერი 2025,   05:57
ვრცლად
ჯანმოს გაფრთხილება: თებერვლისთვის ვირუსს ევროპაში ნახევარი მილიონი ადამიანი შეეწირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროპა პოტენციურად დამანგრეველი ზამთრის პირისპირ დგას, კოვიდვირუსმა, შესაძლოა, ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. 

ევროპის ქვეყნების ნაწილი ინფიცირების პიკს ებრძვის, გერმანიაში კი დაავადებულთა რიცხვმა პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ჯანმოს რეგიონალური დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, რეგიონში ვირუსის გავრცელების ტემპი შემაშფოთებლად მაღალია.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ ეპიცენტრთან. სანდო პროგნოზის მიხედვით, თუ ეს ტემპი შენარჩუნდება, მომავალი წლის თებერვლისთვის, კორონავირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს იმსხვერპლებს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში,"- თქვა კლუგემ გამაფრთხილებელ განცხადებაში და დასძინა, რომ 53-დან 43 ქვეყნის საწოლფონდი სერიოზული დატვირთვის ქვეშ მოექცევა. 

კონტინენტის დიდი ნაწილი ვირუსის "დელტა" შტამთან გამკლავებას ცდილობს, რაც ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას ართულებს. განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა აღმოსავლეთ ევროპა, შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია რუსეთსა და გერმანიაში, ოფიციალურმა კიევმა კი ორშაბათიდან ახალი მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ინფექციების შემდგომი ზრდა, ზამთრის სეზონურ სიცივეებთან ერთად, ჯანდაცვის მუშაკებს უმართავი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს, განსაკუთრებით, შობის და ახალი წლის პერიოდში. ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ განცხადებაში წერია, რომ ევროპაში წინა კვირებთან შედარებით, შემთხვევების 6%-იანი ზრდა შეინიშნება, მაშინ როცა ყველა სხვა რეგიონში ინფიცირების კლებას ან სტაბილურ ტენდენციას აფიქსირებს.  ჰანს კლუგე კრიტიკულ მდგომარეობას ორი მიზეზით ხსნის: პირველი კოვიდრეგულაციების შემსუბუქებაა, ხოლო მეორე ვაქცინაციის დაბალი ტემპი ბალკანეთსა და კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის მიერ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უფრო მკაცრი ზომები უნდა გატარდეს მათ მიმართ, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე. მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ რომში, დიდი ოცეულის სამიტის დროს, ერთი დღის მანძილზე ვაქცინაციის მოწმობა იმაზე მეტჯერ მოსთხოვეს, ვიდრე 4 კვირის მანძილზე გერმანიაში. შპანის გამოსვლა გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას უკავშირდებოდა.

ხუთშაბათს 34 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რიცხვი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს ვაქცინაციამდელი პიკის დროს იყო.

"სიმართლე ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ბევრად ნაკლები ადამიანი იქნებოდა, თუკი ვაქცინას გაიკეთებდა ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელი იყო,"-განაცხადა მინისტრმა შპანმა.

ორშაბათს, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 მილიონს გადააჭარბა, რასაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა "ახალი მტკივნეული ზღურბლი" უწოდა.

წყარო: CNN

 

დღის ამბები