ლეიბორისტული პარტიის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მათი თანაპარტიელის - ზვიად კვირტიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტია ზვიად კვირტიას დაპატიმრებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
„რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკური პარტიისა და მისი კანდიდატების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნასთან. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, შეწყდეს ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე, საერთოდ გაუქმდეს ეს საქმე და ბატონ ზვიად კვირტია იქნეს განთავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეიბორისტული პარტია მიმართავს პოლიტიკური ბრძოლის აბსოლუტურად ყველა მეთოდს, სანამ ეს ადამიანი არ იქნება გათავისუფლებული,“- განაცხადა აქციაზე პარტიის მდივანმა პაატა ჩოხელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად კვირტია ერთ-ერთი ძარცვის ფაქტზე ჩვენების შეცვლის მოთხოვნით, მოწმეზე ზეწოლას ახდენდა. ამ ბრალდებით ის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს.
ზვიად კვირტია ადგილობრივ არჩევნებზე ჩხოროწყუში “ლეიბორისტული პარტიის” სიის პირველი ნომერი იყო.