საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკომისიამ დღეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მეორე ანგარიში მიიღო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, საქართველომ სავიზო დიალოგის მოთხოვნების პირველი ფაზა დააკმაყოფილა და უკვე შესაძლებელია დაიწყოს მეორე ფაზა.
"კმაყოფილი ვარ შედეგების შეფასებით და მინდა საქართველოს ხელისუფლებას მივულოცო მათ მიერ გაწეული ძალისხმევა. მათ აჩვენეს მნიშვნელოვანი ვალდებულება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებით. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროცესში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის განხორციელებს მიზანს მიუახლოვებს," - აღნიშნა ევროკომისარმა საშინაო საქმეებში სესილია მალმსტრომმა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის ნოემბერში კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ მიიღო კანონები დოკუმენტური უსაფრთხოების, თავშესაფრის მინიჭების, ანტიკორუფციულ და ფულის გათეთრების სფეროებში, ისევე, როგორც სხვა ზომები ხარვეზების გამოსავლენად.