



კიევის ხელისუფლებამ 24 თებერვლიდან კომენდანტის საათი დააწესა. გადაადგილება მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით იქნება შესაძლებელი
ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამის საშუალებით განაცხადა.
"კიევი დღეიდან აწესებს კომენდანტის საათს. ის 22:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ სამხედრო აგრესიის და საომარი მდგომარეობის ამჟამინდელ პირობებში ეს აუცილებელია დედაქალაქის მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა მან.
კომენდანტის საათის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს, მეტროს სადგურები თავშესაფრის სახით გამოყენებული იქნება24 საათის განმავლობაში.
"თხოვნა ყველა კიეველს, დროულად დაბრუნდნენ სახლში. თუ აბსოლუტურად აუცილებელია ქალაქში გადაადგილება კომენდანტის საათის დროს, კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის თანამშრომლებისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები," - განაცხადა კლიჩკომ.