04 იანვარი 2026,   12:54
ვრცლად
პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნას არ დაესწრო და მოქალაქეებს ფეისბუქით მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის დაწყება მოქალაქეებს სოციალურ ქსელში ფეისბუქით მიულოცა. მან სპორტსმენებს წარმატება უსურვა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ქართველ ოლიმპიელებს გულშემატკივობს.

ის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს არ ესწრებოდა. მიზეზების გასარკვევად პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს სოფო ჯაჯანაშვილს დავუკავშირდით. კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი გახსნის ცერემონიალს, მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციისთვის ოლიმპიურ კომიტეტს უნდა დავუკავშირდეთ. ჯერჯერობით კომიტეტთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.  

კითხვით თუ რატომ არ იმყოფებოდა პრეზიდენტი ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე თბილისის მერსაც მივმართეთ. დავით ნარმანია ამბობს, რომ  მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით კი მოსაწვევები ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე ყველა მაღალი თანამდებობის პირს დაურიგდა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ხეჩიკაშვილისთვის უცნობია, თუ რატომ არ იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ მესხის სტადიონზე. 
 
დღის ამბები