"ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა მინისტრ ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდის მიმართ," - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა თავდაცვის სამინისტოს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"ვიცი, რომ მთელი რიგი კითხვები გაჩნდა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამავე დროს ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოს, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატოს ფარგლებში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. აშშ-ს აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდის მიმართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიება წარიმართება და იქნება თანამშრომლობა გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც კორუფციასთან დაკავშირებით წარმოიშობა ბრალდება, აუცილებელია გამოძიების სრულფასოვნად წარმართვა. ჩვენ მივესალმებით ასეთ გამოძიებას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოძიება წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით," - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი ამ დროისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.