ნაციონალური მოძრაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ითხოვს. ლონდონის Chatham House-ში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ვიაჩესლავ ჩირიკბას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციური პარტია საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მარცხად აფასებს და მოითხოვს, განიმარტოს, თუ რატომ გახდა შესაძლებელი ჩირიკბას სახელზე დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემა.
"ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლა და ჩირიკბას მიერ დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მარცხია. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დისკუსიას ესწრებოდნენ მედიის და ლონდონში აკრედიტებული სხვადასხვა დიპლომატიური მისიის, მათ შორის საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც,” - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩირიკბა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა. ამავე ცნობით, შეხვედრას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.