ქუთაისის XI სკოლის მეორე კლასის მოსწავლეს მამამ სასტიკად სცემა. გავრცელებული ინფორმაციით, მშობელმა შვილს დედის მიერ მიცემული ფულით ლუდის შეძენა სთხოვა, უარის შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სახეზე მრავლობითი დაზიანებებით ბავშვი სკოლაში რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რის შემდეგაც სკოლის დირექტორმა უშანგი ჩაკვეტაძემ საპატრულო პოლიცია და სოციალური მუშაკები გამოიძახა.
„ბავშვი გადავიყვანეთ საავადმყოფოში. მას ტვინის შერყევა არ დაუდგინდა. თუმცა ჰქონდა მრავლობითი დაჟეჟილობები. სოციალური მუშაკის ჩარევის შემდეგ ბავშვი მამიდასთან გადავიყვანეთ, რის შემდეგაც დედაც ჩამოვიდა. პოლიციამ საქმე აღძრა,“ - განუცხადა „რუსთავი 2-ს“ XI სკოლის დირექტორმა.