დეპუტატები ფარული მოსმენების გადავადების შესახებ კენჭისყრისთვის ემზადებიან.
აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც არის.
ცნობილია, რომ კანონპროექტის განხილვის გადადებას მხარს არ უჭერენ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი პარტიები: "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი" და "რესპუბლიკელების" ნაწილი.
„ეროვნული ფორუმი“ და „რესპუბლიკელები“ საერთო პოზიციაზე ჯერ არ შეჯერებულან.
გადავადების მომხრე დეპუტატები განმარტავენ, რომ ეს აუცილებელია კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის თქმით, მობილურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა იმ სახით, რაც კანონმდებლობამ ჩათვალა საჭიროდ. იგი აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციის მიღებით სახელმწიფო მათ ავალდებულებს იმის გაკეთებას, რაზეც ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვერ შეძლებენ. შავგულიძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა ინფორმაციის შენახვის კუთხით კოლაფსს მიიღებს.
საპარლამენტო ოპოზიციამ საკუთარი პოზიციების შესაჯერებლად დახურულ კარს მიღმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.
უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რასაც სამოქალაქო საზოგადოება სთავაზობს მთავრობას, შეიძლება, ბოლომდე მისაღები არც მისთვის არის, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ისინი [ოპოზიცია] ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და საბჭოთა ნომენკლატურისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიას იყენებენ, ამ შეფასებებში ნათელი მთავრობის დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი უკვე შეტანილია საკანონმდებლო ორგანოში, სადაც სულ მალე განხილვა დაიწყება.