"Chatham House-ში მეც მქონდა გამოსვლა," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში Chatham House-ში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას გამოსვლას.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აფხაზეთის წარმომადგენლებს არ უნდა ჰქონდეთ აღიარების ილუზია და ამის ნაცვლად უნდა ისარგებლონ იმ სიკეთით, რომელთაც მათ საქართველო სთავაზობს.
"Chatham House-ში მეც მქონდა გამოსვლა, საგარეო და თავდაცვის მინისტრებსაც ჰქონდათ გამოსვლები. ჩვენი ბრიტანელი პარტნიორები, ასევე ანალიტიკური ცენტრები ინფორმირებულნი არიან ჩვენი პოზიციის შესახებ. ყოველდღიურად, საელჩოს საშუალებით, ასევე სხვა ანალიტიკური ცენტრების საშუალებით, მათ ჩვენს პოზიციას ვაცნობებთ. ჩვენი პოზიცია კი უცვლელია და ამაში გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაც. აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ ისინი მოიპოვებენ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებას, ეს გამორიცხულია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ზალკალიანი პასუხს არ სცემს კითხვას, თუ რატომ ვერ უზრუნველყო საგარეო უწყებამ ის, რომ ბრიტანეთს ჩირიკბასთვის ვიზა არ მიეცა.
ის ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, ამბობს, რომ საქართველო სთავაზობს აფხაზებსა და ოსებს იმ სიკეთის გაზიარებას, რომელსაც საქართველოს მოუტანს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, ასევე სავიზო ლიბერალიზაცია.