უსაფრთხოების ახლად შექმნილი სამსახურის დებულების დამტკიცებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ლევან თარხნიშვილი მიიჩნევს, რომ „ახალი სამსახური ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებას მოემსახურება“.
“იმან, რომ დღეს მოხდა აბსოლუტურად გაუმჭვირვალე სახით დებულების მიღება, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულია, კიდევ უფრო გააძლიერა ის ეჭვები, რომ ეს ახალი სამსახური მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებას მოემსახურება,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.
თავისუფალი დემოკრატების წევრს გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევის საშუალებას მათ ოპოზიცია არ მისცემს.
„თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის არსებობს საქართველოში, არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე მედია, რომ ამის საშუალება არავის არ მისცეს,“ - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტმა უსაფრთხოების ახლად შექმნილი სამსახურის დებულება მიიღო.
სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა ვახტანგ გომელაური დაამტკიცა.