საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არ იყო საუკეთესო ნიმუში კონსენსუსის მოსაძებნად. განცხადება უსუფაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ სესიაზე ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვისას გააკეთა. ის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. პრემიერმა განაცხადა, რომ ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სამინისტროს ხელში დარჩება.
„მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო საუკეთესო ნიმუში იმისათვის, რომ მოვძებნოთ კონსენსუსი, მაგრამ მისიც მესმის, იმიტომ, რომ ამ დღეებში გაისმა არაერთი კატეგორიული მოსაზრება, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. მაგრამ პოლიტიკოსებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც ხელს შეუშლის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას.
ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს და მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ ჩვენი საქმიანობის ამ შეფერხების გამო ჩვენ მას ვაძლევთ პრაქტიკულად 24 საათს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის ხელმოწერის და გამოქვეყნების თაობაზე,” - განაცხადა უსუფაშვილმა.