პრეზიდენტი ვეტოდადებულ კანონს პარლამენტს 4 შენიშვნით უბრუნებს.
შენიშვნები, რომელსაც მარგველაშვილი პარლამენტს ვეტოდადებულ კანონპროექტთან ერთად უგზავნის, პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
პირველ შენიშვნაში საუბარია დღეს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნაზე, რომ დაცული იყოს პირადი თავისუფლება და აღნიშნულია, რომ „საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის დღეს დადგენილი წესი არ შეესაბამება დემოკრატიულ სოციუმში დადგენილ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტს და არ არის დაცული თანაზომიერი ბალანსი“.
ამ შენიშვნაში აპელირება ხდება იმაზე, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის უკვე იყო მიღწეული „კონსენსუსი იმის თაობაზეც, რომ ქვეყანაში უნდა დაინერგოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის იმგვარი წესი, რომელიც დააკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დღეს არსებული საშუალებებით არის შესაძლებელი, რათა ის უფრო მეტად დაუახლოვდეს ანალოგიურ ევროპულ გამოცდილებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს“.
სწორედ ამიტომ ითხოვს პრეზიდენტი პირველ შენიშვნაში საზოგადოების სურვილის და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მიღწეული შეთანხმების დაუყოვნებლივ შესრულებას.
მეორე - აქ საუბარია იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. აქვე ლაპარაკია იმაზეც, რომ „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ადამიანის უფლებათა ეფექტურ დაცვას. ამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურება ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა“.
თუმცა პრეზიდენტის აზრით, „უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხსენებული საჯარო ინტერესის არსებობა, ამ საჯარო ინტერესის მისაღწევად პირადი ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში ჩარევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეალური და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“.
აქვე მოშველიებულია ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც უნდა გაკეთდეს არჩევანი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესსა და პირადი თავისუფლების დაცვას შორის პრიორიტეტი სწორედ ადამიანის პირადი თავისუფლების დაცვას ენიჭება.
ამიტომ პრეზიდენტი ითხოვს, რომ „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სრულყოფილი რეალიზება და მისი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში“.
მესამე - აქ მთავარ არგუმენტად ნათქვამია ის, რომ ამ სათანადო რეგულაციების მიღება ერთხელ უკვე გადავადდა, რასაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. „ამგვარი მიდგომა კი, თავის მხრივ, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კანონის ნორმების გადავადებას პერმანენტული ხანგრძლივი ხასიათი მიეცა,“ - ნათქვამია შენიშვნებში და იქვე დასძენს, რომ ასეთი დამოკიდებულება „ბღალავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში ამკვიდრებს განუკითხაობის შეგრძნებას“.
მეოთხე - ზემოთ დასახელებული არგუმენტაციის და ასევე ევროპელი სპეციალისტების საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, სადაც გამოხატულია უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან სამართალდამცველი ორგანოების პირდაპირ წვდომასთან მიმართებით და არსებობს პროექტი, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად განისაზღვროს გონივრული ვადა - არაუგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა. ამასთან, ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში, მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში“.