12 იანვარი 2026,   17:53
ვრცლად
საქართველოს პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს.

„თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სახელმწიფო კუთვნილი 4 მილიონ 102 ათას  872 ლარის გაფლანგვის ფაქტს, საიდუმლო გრიფის არსებობის მიზეზებს ხსნის.  

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული, არის ის, რომ  თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს.

საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ რომ ისინი მზად არიან  მოეხსნას საქმეს გრიფით საიდუმლო და შესაბამისი დოკუმენტაცია კომპეტენტურ ორგანოს გადაუგზავნონ.

საგამოძიებო ორგანო განმარტავს რომ უწყების მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გრიფით საიდუმლოს მოხსნა ამ დოკუმენტებზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრს ან მის მოადგილეს აქვს.

შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურატურა მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში.

„მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ რომ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მთავარი პროკურატურისგან ე.წ ტენდერების საქმეზე გრიფით საიდუმლო სტატუსის მოხსნას ითხოვდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები