გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მთავარი პროკურატურა ბრალის დადგენილებით და რამდენიმეტომიანი საქმის მასალებით დატოვა.
ვიცეპოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ყველაზე მაღალი თანამდებობისა და ჩინის მქონეა მათ შორის, ვისაც პროკურატურამ დღეს ბრალი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე წაუყენა. თავდაცვის სამინისტროს მთავარი ექიმი ბრალად შერაცხულ დანაშაულს არ აღიარებს და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს.
პროკურატურა სამხედრო პოლიციის და თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მოქმედებითაც არის უკმაყოფილო. პროკურატურას კითხვები აქვს სამხედროების საკვებით უზრუნველყოფის კომპანიასთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაარსებული შპს „ქართული კვების“ კომპანიაა.
საქმეზე, რომელზეც ბადაშვილის უწყებამ პასუხისგებაში თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელი მისცა, 2013 წელს ჯარისკაცების მასობრივ მოწამვლას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების ინტოქსიკაციის 10 ფაქტი დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ყველა შემთხვევაში მიზეზი სანიტარული ნორმების დარღვევა და სამხედროებისთვის საკვებად უვარგისი პროდუქტის მიწოდება იყო.
ბადაშვილის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სამ ექიმს და ქართული კვების კომპანიის სამ მენეჯერს, რომელებსაც დღეს ბრალი წარუდგინეს, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე გადაწყვეტილი არ აქვს მიმართავს თუ არა სასამართლოს მათთვის რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიების შერჩევისთვის.