ჭიკანიის ღვინის ქარხანა გლეხებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაზე უარს ეუბნება.
ქარხანასთან დილიდან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგი დგას. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება, კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ რიგი არ არის.
გლეხები ამბობენ, რომ, თუკი ქარხანა ყურძენს დროულად არ ჩაიბარებს, ყურძენი, რომელიც ისედაც დასეტყვილია, უარესად გაფუჭდება და ამით მათი ზარალი გაიზრდება.
ქარხნის მეპატრონე კი ამბობს, რომ ქარხანა მისი საკუთრებაა და თავად გადაწყვეტს, ქარხანა როდის გაიხსნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, კურიერის კითხვაზე, ამის შესახებ არის თუ არა სამინისტრო ინფორმირებული, ამბობს, რომ "ყველამ ყველაფერი იცის". თუმცა, ის იმასაც ამბობს, რომ ამ ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ არსებობს.
ამასთან, მთელი დღის განმავლობაში გლეხები პოლიიცის მისვლას ელოდებოდნენ იმ იმედით, რომ პოლიციის მისვლის შემდეგ ქარხანა გაიხსნებოდა.
დღის ბოლოს ქარხნის ტერიტორიაზე პოლიცია მივიდა და ქარხანა გაიხსნა, მაგრამ ამ დრომდე ყურძნის ჩაბარება არ დაწყებულა.