იურისტი ლევან ალაფიშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. ალაფიშვილი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს, რადგან მისი თქმით ის ადვოკატის სტატუსს ატარებს და შესაბამისად მის დაკითხვასთან დაკავშირებით კანონი შეზღუდვას აწესებს.
დაკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია ალაფიშვილმა სოციალური ქსელით თავად გაავრცელა. როგორც ადვოკატი ლევან ალაფიშვილი წერს, საქმე 2001 წლის პროცესს ეხება, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
„ადვოკატთა შესახებ კანონისა და სისხლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად კანონი შეზღუდვას აწესებს, მოწმედ ვერ ვიქნები არც ვალდებულება მაკისრია (სსსკ 50 მუხლი) და ვერც კანონით დაკისრებულ პროფესიულ ვალდებულებას (ადვოკატთა შესახებ კანონის მე-7 მუხლი) დავარღვევ, მითუმეტეს საქმეზე, რომელიც დასრულებულია, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და გასულია გადასინჯვის/განახლების 5 წლიანი ვადაც. კოლეგებს ანალოგის სახით მივუთითე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის მოწმედ დაკითხვის დარია ადვოკატის მოწმედ გამოძახებათქო; ამაზე კი საგამოძიებოს უფროსმა მომიგო, რომ მოსამართლის მოწმედ დაკითხვის შეზღუდვა სულაც არ აქვს გამოძიებასო. მივხვდი, რომ კამათს აზრი არ აქვს მაშინ როცა კონსტიტუციის ორი მუხლით გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობას შეზღუდვად არ მიიჩნევენ და აპირებენ არათუ ჩემი, ადვოკატის მოწმედ დაკითხვას, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას 14 წლის შემდეგ!“ - წერს ალაფიშვილი.
იურისტი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, ადვოკატთა ასოციაცია და სასამართლო შესაბამის შეფასებას მისცემენ ამ ფაქტს.