თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოში საჰაერო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპამდეა მისული.
ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა და აღნიშნა, რომ მას დიდი იმედი აქვს, რომ ეს მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმებები ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იქნება განხორციელებული.
"საჰაერო თავდაცვა არის ყველაზე კრიტიკული შემადგენელი ჩვენი თავდაცვის სისტემის. ეს ყოველთვის იყო ჩვენი აქილევსის ქუსლი. თუმცა, იმ პირობებში, რა პირობებიც და იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ ჯარს ჰქონდა, მაქსიმუმი გააკეთეს 2008 წლის აგვისტოს ომში. თქვენ წარმოიდგინეთ, თანამედროვე საჰაერო სისტემას რამხელა უპირატესობა ექნება, რომ შეაკავოს მოწინააღმდეგე, თუკი აქამდე მივიდა საქმე და ესკალაცია გადაიზარდა დაპირისპირებაში," - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მან ამ საკითხზე მუშაობა სამინისტროში მისვლის დღიდან დაიწყო.
"პირველი დღიდან ჩემი სამინისტროში მისვლიდან, როდესაც სამხედროების მხრიდან მოვისმინე, რა იყო პრიორიტეტები, დავიწყეთ მუშაობა საჰაერო სისტემის შექმნაზე. დავიწყეთ მუშაობა ანტისატანკო და ანტიმობილური სისტემების შექმნაზე და შესაბამისი მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმებები იქნება განხორციელებული. ეს არის გადამწყვეტ ეტაპამდე მისული და ამას სჭირდება სოლიდური მუშაობა," - აღნიშნა ალასანიამ.