15 იანვარი 2026,   10:41
ვრცლად
პრემიერმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილეებიც გადააყენა

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მათი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი გახდა პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის #401-ე ბრძანება. თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილება შეუწყდათ  საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეები იყვნენ - ირაკლი გეგეჭკორი, ალექსი ბატიაშვილი, ვარლამ ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.

შეგახსენებთ, პრემიერმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გუშინ, 4 ნოემბერს გადააყენა თანამდებობიდან, მის ნაცვლად კი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მინდია ჯანელიძე დანიშნა.

ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში კოლეგებს უკვე დაემშვიდობა. სამინისტროს თანამშრომლების გარდა, ექსმინისტრთან გამოსამშვიდობებლად გენერალური შტაბის წარმომადგენლებიც მივიდნენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები