"საქართველოს კრიზისი" - ამ სახელწოდების საგანგებო კონფერენცია იწყება რამდენიმე საათში შეერთებულ შტატებში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სადაც მოწვეული სტუმრები და ანალიტიკოსები ქვეყანაში ამჟამად შექმნილ ვითარებას განიხილავენ.
კონფერენციის დაწყებამდე მასში მონაწილე ექსპერტებს "რუსთავი2-ის" კორესპონდენტი გაესაუბრა. ისინი აცხადებენ, რომ მოვლენების ისეთი განვითარება, როდესაც ხელისუფლებას ტოვებს ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი დასავლური მიმართულების მინისტრი, ძალზე სამწუხაროა.
„თანამდებობიდან წავიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა, მათ შორის ევროინტეგრაციის მინისტრი. ეს ყველაფერი არც ისე კარგად ჩანს. პროკურატურის ქმედებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო დევნას. არის თუ არა ამ პროცესების ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი თავისი მთიდან, ვფიქრობ, ეს მთავარი კითხვაა შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. ის ჩრდილში დგას. თუმცა, ჩემი აზრით, ისევ დიდი ძალა აქვს,” - განაცხადა ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ფრედ სტარმა.
კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე, ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტი საქართველოსა და ევრაზიის საკითხებში სვანტე კორნელი კი ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს მმართველი გუნდიდან პროდასავლური ლიდერების გაქრობად აფასებს.
„ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია პროდასავლური ლიდერების გაქრობა საქართველოს მთავრობიდან, რომლებიც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანდო პარტნიორები იყვნენ. ვფიქრობ, ამას ნეგატიური შედეგი ექნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს პროკურატურის ნაბიჯებს არ აქვს საერთაშორისო ნდობა. საქართველოში პროდასავლური და პროდემოკრატიული ძალები ორად იყო გაყოფილი, ერთი "ნაციონალურ მოძრაობაში", მეორე კი „ქართულ ოცნებაში“. ახლა კი, როცა საქართველოს მთავრობამ პარტიაში პროდასავლური ძალების მარგინალიზაცია მოახდინა, ჩნდება კითხვა, გაერთიანდებიან თუ არა ისინი,” - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.