ვაღიარებ, რომ ამ ცვლილებებს შეეძლო გამოეწვია კითხვები ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა, - ამ სიტყვებით დაიწყო პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადი პროცესია.
"ეს არის მხოლოდ ცვლილებები და ეს ცვლილებები ჩვენს საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს. მინდია ჯანელიძე, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე იცნობს, იქნება ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი და მისი ლიდერობით თქვენს ქვეყნებთან თანამშრომლობა გაღრმავდება. ჩვენ უახლოეს დღეებში დავასახელებთ ასევე საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის ახალ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, მათთან თანამშრომლობის ენას იპოვით," - მიმართა პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს.
ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ილაპარაკა და განმარტა, რომ გამოძიების პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციაუპასუხისმგებლო იყო .
"ჩვენი კურსი ურყევია. საუბედუროდ, ირაკლი ალასანიას საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხისმგებლო. მთავრობის წევრი საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას წამოაყენოს ისეთი ბრალდებები, რომელმაც შეიძლება ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა გააფუჭოს," - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეხვედრა პრემიერსა და დიპლომატებს შორის სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იმართება.