იცნობს, თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი გრიფით საიდუმლო მასალის დეტალებს? - ეს კითხვა ამ დრომდე აქტუალურია. დღის განმავლობაში საკითხზე არაერთგვაროვან განმარტებებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფლობს ე.წ. "კაბელების საქმის" გრიფით საიდუმლო დეტალებს. დავით საგანელიძე კი შეხვედრის დეტალებს იხსენებს და აცხადებს რომ პრემიერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საქმის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
განმარტებებს საკითხზე აკეთებდნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც შეხვედრას არ დასწრებიან. თინა ხიდაშელმა დრეს დავით საგანელიძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა, საგანელიძე კი აცხადებს, რომ დეპუტატი ხიდაშელი შეხვედრას არ ესწრებოდა.
უნდა იცნობდეს, თუ არა პრემიერი მინისტრი გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციას და დაირღვა, თუ არა კანონი, ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს ყველასაგან განსახვავებული აზრი აქვს. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პრემიერს აქვს უფლება, გაეცნოს ასეთ მასალებს და იყოს საქმის კურსში.
ეკა ბესელიას განცხადებას არასამთავრობო სექტორში არასერიოზულად აფასებენ და აცხადებენ, რომ ბესელიას ეს განცხადება შესაძლოა ახალი კანონის დაწერის წინაპირობა გახდეს.
იცნობს, თუ არა პრემიერ-მინისტრი ე.წ კაბელების საქმის გრიფით საიდუმლო დეტალებს, ამ საკითხის შესწავლას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს.
კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ ან მთავრობის კანცელარია ცრუობს, ან დეპუტატი საგანელიძე.
დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ე.წ კაბელების საქმეზე გრიფ საიდუმლოს მოხსნის პროცედურას იწყებს. საგამოძიებო ორგანომ საიდუმლო მასალები თავდაცვის სამინისტროს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადაუგზავნა.