„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და პრემიერის ინტიტუტს. ამ განცხადებით ირაკლი ალასანიამ პრემიერს უპასუხა, რომელმაც ალასანია და მისი გუნდის წევრი ყოფილი მინისტრები შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა.
ალასანიას თქმით, პრემიერის განცხადებები ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერმა ძალიან კარგად იცის, თუ რაზე ესაუბრებოდა ის უცხოელ პარტნიორებს - ეს იყო ის წინსვლა, რასაც მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობისა და ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.
„მე ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის ყველა წევრისგან და მათ შორის, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრისგან. ეს არის ძალიან არასერიოზული და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩულის მატარებელი, მაგრამ გადავედით ოპოზიციაში. „თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს ძალიან დიდი სივრცე, ოპოზიციური სივრცე, რომელსაც გამოვიყენებთ ბოლომდე, საქმეს არჩევნებამდე მივიყვანთ,“ - დასძინა ალასანიამ.