თვითმმართველობებიდან თანამშრომლეთა გათავისუფლებულება უკანონოდ მოხდა - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ოქტომბრის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. ომბუდსმენის აპარატი ადგილობრივი თვითმართველობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეს სწავლობს.
უჩა ნანუაშვილს კითხვები მერიის თანამშრომლებისთვის ჩატერებულ ატესტაციასთან დაკავშირებითაც აქვს. ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა კონკურსი შეგნებულად აწეული ბარიერის გამო ვერ გადალახა. ამასთან, ის ადასტურებს თანამშრომლებზე ზეწოლისა და სამსახურიდან იძულების წესით გათავისუფლების ფაქტებსაც.
„საუბარი არის, როგორც უკანონოდ გათავისუფლების ფაქტებზე, ასევე მიმდინარე ატესტაციაზე. ჩვენ გარკვეული დარღვევები აღმოვაჩინეთ ამ პროცესში. აქ არის თუნდაც არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა პროცესებში. ასეთი რამდენიმე ფაქტია აქ მოხმობილი. საუბარია ასევე იმაზე, რომ მასობრივად ხორციელდება თანამშრომლების განთავისუფლება. როდესაც ასობით ადამიანი ვერ გადის ატესტაციას, ეს გარკვეული კითხვის ნიშნებს აჩენს.
სახალხო დამცველის ბრალდებას თბილისის მერმა უპასუხა. დავით ნარმანია ამბობს, რომ ომბუდსმენის მიერ დასახელებულ რიცხვებში უზუსტობებია, ხოლო რაც შეეხება ატესტაციას, მის აპარატს აქვს სრული უფლება პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.
„ადამიანთა განთავისუფლება საკუთარი განცხადებების თუ ჩვენი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების საფუძველზე იმის ნახევარია, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ დასახელებული ციფრი. რაც შეეხება ატესტაციის პროცესს, ნებისმიერ ორგანიზაციას და ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით სახალხო დამცველს აქვს უფლება დააკვირდეს, შეისწავლოს მის კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.