10 იანვარი 2026,   10:30
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" საქმე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია

"მედიის თავისუფლება არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ღირებულება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ უცხოელი პარტნიორები ამ ღირებულების პატივისცემაში დაარწმუნოს," – ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი.

რუსთავი 2 იყო ერთ–ერთი განსახილველი თემა პრეზიდენტის სასახლეშიც, სადაც დღეს გიორგი მარგველაშვილი დიპლომატებს ხვდებოდა. 

„დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადი დრო დაეთმო საარჩევნო გარემოზე საუბარს, იმ საკანონმდებლო საჭიროებებს, რაც უნდა შევიდეს ჩვენს კანონმდებლობაში, რომ გაუმჯობესდეს ის, მათ შორის საუბარი იყო იმ კონსტიტუციურ ცვლილებაზე, ასევე იყო საუბარი მედიაგარემოზე, ასევე სასამართლოზე, ასევე რუსთავი 2-ის ქეისზე. ცხადია, ეს ხაზგასმულია პრეზიდენტის მხრიდან და ამას ყველა ეთანხმება, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის გარეშე, ვერ ვისაუბრებთ თავისუფალ, სამართლიან საარჩვენო გარემოზე,“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2 ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მათ მუშაობაში პრობელმას არავინ უქმნის. განცხადება ამის შესახებ ნოდარ ხადურმა გააკეთა. 

ოპოზიცია კი მოუწოდებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს გაითვალისწინონ პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევები. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 

დღის ამბები