მთავარი პროკურორობის 8 კანდიდატიდან იუსტიციის მინისტრი დღეს იმ სამს დაასახელებს, რომლებსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საპროკურორო საბჭო მათ ხვალ შეხვდება და გასაუბრების შემდეგ ერთს შეარჩევს. საბოლოოდ მას 6 წლის ვადით პარლამენტი დაამტკიცებს.
კანდიდატთა შორის არის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძეც. საპროკურორო საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ არასამთავრობოებიც.
მესამე სექტორში პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები ისევ აქვთ. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე ამბობს, მესამე სექტორის მოთხოვნა არსებული საკითხის აპოლიტიკურობასთან დაკავშირებით არ არის შესრულებული.
„კანდიდატების თაობაზე საია და პარტნიორული ორგანიზაციები თავიდანვე ვსაუბრობდით იმზე, რომ ეს პროცესი უნდა ყოფილიყო სრულიად აპოლიტიკური. ჩვენ ზუსტად ამის გამო ვაკრიტიკებდით მიმდინარე რეფორმას, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ ეს პროცესი პოლიტიკური ზეგავლენისგან არ იყო თავისუფალი და ჩვენ ახლაც ვრჩებით ამ აზრზე,“ - აცხადებს თამარ გვარამაძე.