ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული, დედოფლისწყაროში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომლის თანახმად, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მომხდარი ფაქტი დაგმო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
"მკაცრად ვგმობ შეიარაღებულ თავდასხმასა და ძალადობას საქართველოს ოპოზიციური პარტიის - ენმ-ს ოფისზე დედოფლისწყაროში. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება და თავიდან უნდა აიცილოს მომავალი ესკალაცია. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ," - განაცხადა ჯოზეფ დაულმა.