04 იანვარი 2026,   19:57
ვრცლად
საიდან იცის ზაუტაშვილის ადვოკატმა, მე რა ჩვენება მივეცი? - ზვიად ქორიძე

ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს, „ცრუპენტელას“ უწოდებს.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ზვიად ქორიძის მიერ მიცემული ჩვენებიდან ჩანს, რომ ის გამოძიებას ანასტასია ზაუტაშვილის თაობაზე არასწორ ინფორმაციას აწვდის.

„ქორიძე მობრძანდა გამოძიებაში და როგორც ჩვენ ამ კითხვებიდან გავარკვიეთ, მისცა ჩვენება, თითქოსდა ზაუტაშვილისგან რამე გაიგო კორუფციული გარიგების შესახებ. ეს არის სრული სიცრუე. ქორიძე არის ცრუპენტელა,“ - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

„საიდან იცის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა, მე რა ჩვენება მივეცი?“ - ეს კითხვა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ზვიად ქორიძეს, მირიან ნიკოლაძის განცხადების საპასუხოდ აქვს.

ქორიძის მტკიცებით, მას კორუფციული გარიგების შესახებ არსად უსაუბრია და ეჭვობს, რომ პროკურატურიდან ინფორმაციები ჟონავს.

„ინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს გარეთ და ეს ხვდება სხვადსხვა პირებთან, მათ შორის მედიაშიც. სიცრუე არის ის, რომ მე ვინმეს ვუთხარი რამე იმის თაობაზე, რომ ამ კონკრეტულ დეპუტატებს აქვთ აღებული ფული,“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

დღის ამბები