პარლამენტმა დაამტკიცა უმრავლესობის ინიციატივა, რომელიც პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში 30-ის ნაცვლად 50%-იან ბარიერს აწესებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. ახალი კოდექსის მიხედვით, მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
„ჩემი სუბიექტური შეფასებით, ჩვენ ცუდი კანონი მივიღეთ, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა, არ შეგვესრულებინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიდექით არჩევანის წინაშე - ცუდი გადაწყვეტილება მიგვეღო, თუ იმაზე კიდევ უარესი, არ დავმორჩილებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს. მე როგორც იურისტმა, ცუდსა და უარესს შორის არჩევანი გავაკეთე ცუდის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საკითხს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკიც ეხმაურება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თანაფარდობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს.
„თანაფარდობა აუცილებელია, ეს არ არის მარტო ის, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის წინაშე ვკეკლუცობთ, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც რომ არ იყოს, თანაფარდობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.